რიგის სამიტისათვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, ყველა პარტნიორისათვის თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა, რომელიც დაეფუძნება კანონის უზენაესობის, სამართლიანი კონკურენციის, ურთიერთნდობისა და პატივისცემის პრინციპებს. საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, რაც დადასტურდა კიდეც კომისიის უკანასკნელ, მეორე ანგარიშში პროგრესის შესახებ. ამით კი გზა ეხსნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, რიგის სამიტისათვის დავაკმაყოფილოთ მეორე ეტაპის ყველა მოთხოვნა
ევროკავშირი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ამ მხრივ, კერძოდ კი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის გზით. ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ამ პროცესში, რაც გამოიხატება, პირველ ყოვლისა, ეფექტური არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმდინარე საქმიანობაში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მუშაობასა და ჟენევის საერთაშირისო მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობაში. საქართველო იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპის კონტინენტზე და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენი ქვეყანა ასევე გახდა ევროკავშირის პარტნიორი მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. როგორც სიდიდით მეორე წვლილის შემტანი, ჩვენი ქვეყანა ჩართულია ევროკავშირის თაოსნობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციაში. გარდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული არსებითი წინსვლისა, სახეზეა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის მზარდი საჭიროება, რაც ემსახურება ჩვენი საზიარო მიზნების მიღწევას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ იყოს დაცული სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ძირეული პრინციპები და თითოეული ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს და წარმართოს თავისი საგარეო პოლიტიკა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა