04 იანვარი 2026,   20:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან, პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

იან კელიმ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და კარგად ვთანამშრომლობდით წინა პრემიერთან. მოუთმენლად ველით ღრმა და ფართო თანამშრომლობის გაგრძელებას პრემიერ კვირიკაშვილთან. გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, რადგან ეს წელიწადი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატებისთვისაც. ვილაპარაკეთ, რა გზით შეგვიძლია დახმარების გაწევა და რა სფეროებში საჭიროებს საქართველო ჩვენს თანადგომას, რომ უფრო წარმატებული გახდეს," - აღნიშნა იან კელიმ. 

დღის ამბები