ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე კირკიტაძემ მის დაკავებას "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
ირაკლი კირკიტაძე სამართალდამცველებმა იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის მუხლით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მან დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობა დაუზიანა.
მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს.