14 იანვარი 2026,   16:05
ვრცლად
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა - პრივატიზების ახალი ფორმა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში

უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს შესაძლოა პრივატიზების ახალი ფორმა დაემატოს. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძეა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი რეგულაციის არარსებობის გამო გამოიყენებოდა ქონების სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემა, რაც თავისი შინაარსით ჩუქებას ემსგავსება.

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებს დაემატა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

ტყემალაძის ინიციატივის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქალაქეებზე, კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე და ეკლესიაზე. ხოლო სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ მხოლოდ დევნილებსა და ეკლესიას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 1 ივლისამდე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებებისაგან და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არამართლზომიერად სარგებლობდნენ სახელმწიფო ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის, გათავისუფლდებიან 2012 წლის 17 სექტემბრამდე ან 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ სახელმწიფო საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტამდე, სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

დღის ამბები