საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სხდომის წინ გამართული კონსულტაციების შემდეგ ის არ მიიჩნევს შესაძლებლად დღევანდელ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
"ჩვენ შევთანხმდით მუშაობის შემდეგ პრინციპებზე, თუ ეს პრინციპები იქნება დაცული, მაშინ ნდობის ჯგუფი შედგება და ბუნებრივია, მე გავაგრძელებ მუშაობას. სხვა შემთხვევაში კი ნდობის ჯგუფის მუშაობას აზრი არ ექნება. მაშინ მე მოვითხოვ, გადამიყვანონ იმ მთავარ ნდობის ჯგუფში, საიდანაც იღებს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილი. აი, იქ ვიმუშავებდი უფრო პროდუქტიულად. იმედი მაქვს, შემდგომში მოხერხდება მუშაობა ისე, როგორც პარლამენტის ნდობის ჯგუფი უნდა მუშაობდეს და არა, როგორც პროკურატურის, აუდიტის სამსახურის ან საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის დანამატი," - განაცხადა თარგამაძემ.
შგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ნდობის ჯგუფი დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროს საქმეებს განიხილავს.