13 იანვარი 2026,   11:22
ვრცლად
ჟვანიას დაცვის წევრების საქმეზე ნაფიც მსაჯულებს 26 ნოემბერს შეარჩევენ

ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვისთვის ნაფიც მსაჯულებს 26 ნოემბერს შეარჩევენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც ზურაბ ჟვანიას დაცვისა და დაცვის ცვლის უფროსების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხები განიხილეს.

პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე ეკა არეშიძე ხელმძღვანელობდა, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის კითხვარები ჩამოაყალიბეს.

როგორც პროცესზე აღინიშნა, მსაჯულთა შერჩევა 100 კანდიდატიდან მოხდება. სავარაუდოდ, 14 ნაფიც მსაჯულს აირჩევენ, საიდანაც 12 იქნება ძირითადი, ხოლო 2 - სარეზერვო. 

26 ნოემბერს პროცესი, სადაც მსაჯულთა შერჩევა მოხდება, 11.00 საათზე დაიწყება.

კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამიას ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მსგავსი მძიმე შედეგი გამოიწვია. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ბრალდებულებმა მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვა თავად მოინდომეს.   

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები