"ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა," - ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ზუგდიდში განაცხადა, სადაც ის მოკლული პროკურორის დაკრძალვას დაესწრო.
მან იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გაჭირდა ქირიას მანქანის პოვნა და ეს იმიტ ახსნა, რომ "ეს მანქანა გაცილებით მოშორებით იყო შემთხვევის ადგილიდან".
"მთავარია, რომ ეს მანქანა ნაპოვნია. მანქანიდან ამოღებულია შესაბამისი ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზები," - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
ამასთან, შოთაძე ადასტურებს, რომ მოკლული პროკურორის მობილური ტელეფონი რუსთავში იყო ნაპოვნი.
"არსებობს ვერსია, რომ ტელეფონი რუსთავში დააგდეს კვალის არევის მიზნით, სხვა დეტალებზე საზოგადოებას დამატებით მოვახსენებთ. ცნობილია, ვის მიერ იქნა ნაპოვნი ტელეფონი და ეს ადამიანი დაიკითხა. ბინის მეპატრონისგან ბიძინა კუჭავამ ბინა იქირავა რამდენიმე დღით, მეპატრონეს იგი გაეცნო სხვა სახელით და გვარით და მათ შორის ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხებით. ბინის მეპატრონემ ამოიცნო ბიძინა კუჭავა, როგორც ადამიანი, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ეს პირადობა ჩვენ არ გვაქვს ამოღებული, ეს ვიცით ზეპირსიტყვიერად," - განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, ბიძინა კუჭავას ჯიბეში ჰქონდა, ქირიას მანქანის ტექნიკური პასპორტი. თუმცა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის უცნობია, კუჭავა ამ პასპორტს რატომ ინახავდა და დასძენს, "ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტო ბიძინა კუჭავას შეეძლო".