ქირიას მკვლელობის მოტივი მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, - ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც ის პროკურორ ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფება.
მისი თქმით, დადგენილია, რომ ქირიას მკვლელობის მომენტში მისი და ბიძინა კუჭავას გარდა არავინ იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე ასკვნის, რომ მკვლელობის მოტივი ქირიას საქმიანობას არ უნდა უკავშირდებოდეს.
"მის და ვახტანგ ქირიას გარდა, სხვა ადამიანის ბინაში ყოფნა არ დასტურდება. ლოგიკურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ ვინაიდან ამ ადამიანებს აკავშირებდათ ნათესავური და ახლობლური ურთიერთობა, რასაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ქირიას პროკურატურაში საქმიანობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.