დავით ბაქრაძე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთთან "ინტეგრაციისა და ალიანსის შესახებ ხელშეკრულების" მხარდაჭერის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.
კითხვა სახელმწიფო მინისტრს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ჟურნალისტებმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმის მიმდინარეობისას დაუსვეს.
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საკითხთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიიღებს.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ ის მიმართავს დე ფაქტო პრეზიდენტს რეკომენდაციით, რომ მხარი დაუჭიროს დოკუმენტის მიღებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეაფასა აღნიშნული ხელშეკრულება, როგორც ოკუპაციის გაგრძელება და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ქმედება.