დე ფაქტო აფხაზეთის მიერ სამეკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მზადება საკანონმდებლო ორგანოში აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ეს არის ნონსენსი და მას არავინ არ აღიარებს. მისივე თქმით, საუბარი არ არის რუსეთთან შერწყმაზე და დოკუმენტში თანამშრომლობის ელემენტებია შეტანილი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მისი გაფორმება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღესდღეობით მსოფლიოში იმდენად არასასურველი ფონია პუტინის მიმართ შექმნილი, რომ საქართველოს ქმედითი და კომპეტენტური მთავრობა რომ ჰყავდეს, ის გამოიყენებდა ამ შემთხვევას იმისათვის, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს პოზიციები გამყარდეს.
„ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს, შესაბამისად, ის ვერ ასრულებს ამ ფუნქციას,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას.