აიუფ ბორჩაშვილის პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი შეისწავლეს. პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით ბრალდებული ბორჩაშვილის პირადი კომპიუტერიდან და მეხსიერების ბარათებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები გამოიკვლია. ჩანაწერებში ასახული იყო ისლამური სახელმწიფოს სახელით ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებები.
დაცვის მხარის ინფორმაციით ასეთი ტიპის ჩანაწერები ვერ ადასტურებს აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად საქმეში მყოფი 3 პირის ბრალეულობას.
პროცესზე მეხსიერების ბარათებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა თავად ბრალდებულმა ბორჩაშვილმაც. მისი განცხადებით ეს ბარათები მისი საკუთრებაა, თუმცა მას არ ჰქონდა ინფორმაცია მასზე ამ ვიდეოების არსებობის შესახებ.
დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობითაც მიმართა, რომ შეწყდეს ამ ჩანაწერების გამოკვლევა. დღესვე გაასაჯაროვეს საქმეში ბრალდებულ გიორგი ხუტუნიშვილსა და დავით ფირისებიას შორის არსებული მიმოწერები.
“თითოეული ჩვენთაგანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ არანაირი კავშირი ამ ვიდეოფაილების გამოქვეყნებას და ამ ვიდეოფაილების არსებობას, აიუფ ბორჩაშვილის მიერ სირიაში ადამიანების გამგზავრებასთან არ აქვს და ვერც ექნებოდა. ეს არის ზოგადი ხასიათის პროპაგანდისტული ვიდეოფაილები, რომელზეც თვითონ უშალოდ პროკურორი ცალსახად საუბრობდა“ - განაცხადა აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა.
პროკურორის თქმით, აღნიშნული ვიდეობით ოთხივე ბრალდებულის იდეოლოგია დასტურდება.
“ბრალდების მხარე აღნიშნული ვიდეოებით ადასტურებს ოთხივე ბრალდებულის იდეოლოგიას, მათ მსოფმხედველობას, რაც ამყარებს ბრალდებას, რომ ისინი ნამდვილად არიან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის მიმდევრები“ - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.