13 იანვარი 2026,   04:55
ვრცლად
მთავროვბის ადმინისტრაციის შენობის რემონტი 7 მილიონი ლარი დაჯდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაობეი 7 მილიონ 368 ათას 743 ლარი დაჯდა, თანხა კი ტენდერის გარეშე დაიხარჯა. ამის შესახებ ანგარიშს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით მომსახურების შესყიდვა მთლიანად გამარტივებული პროცედურით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სულ 142 ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა 2 მილიონ 336 ათას 768 ლარის ოდენობით შპს-ს ანაგი-ს გადაერიცხა. კომპანიის 100%-იან წილს ნანა აროშიძე ფლობს, ხოლო წილის მმართველი მისი მეუღლე - ზაზა გოგოტიშვილია, რომელიც 2008-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ქალაქ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2011 წელს კომპანია 6 ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა  არც ერთში არ გაუმარჯვია, 2012 წელს შპს-მ ანაგი 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამში გაიმარჯვა. 2013-2015 წლებში კომპანია 12 ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა არც ერთ მათგანში არ გაუმარჯვია. ამავე დროს, ანაგმა 2015 წელს გამარტივებული შესყიდვის გზით 4 ხელშეკრულება (საერთო ღირებულებით 923 000 ლარი) გააფორმა თბილისის განვითარების ფონდთან, 2013 წელს კი - 4 მლნ. ლარის ღირებულების ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდთან.  ასევე, 2011-2012 წლებში, კომპანიას გამარტივებული წესით სულ 37 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განმარტავს, რომ არც ერთი კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდა არ არის ახლად დაფუძნებული.  მათი ხელმძღვანელები არ ფიგურირებენ მმართველი პარტიის შემომწირველთა სიაში. მხოლოდ შპს-ს ანაგი ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ირაკლი გოგოლაშვილმა (დირექტორი), დავით ჩანტლაძემ (პროკურისტი) და 100% წილის მფლობელი ნანა აროშიძემ 2012 წელს, ა(ა)იპ-ს „საქართველო არ იყიდება”, შესაბამისად, 9 000, 2 000 და 60 000 ლარი შესწირეს, თუმცა მას შემდეგ ისინი შემომწირველთა სიაში აღარ ფიგურირებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკუთარ შენობაზე გაწეული  ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა - 3 874 093 ლარი შენობის სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა. 2 515 084 ლარი სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს მოხმარდა, ფანჯრებისა და კარების მოწოდება-მონტაჟის სამუშაოებზე 189 111 ლარი დაიხარჯა, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟისთვის 870 241 ლარი, ხოლო არქიტექტორული დიზაინისთვის კი 108 393 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დაიდო.  

„განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/) უკვე რამდენიმე თვეა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისი შემსყიდველის ან კონკრეტული ხელშეკრულების ნომრის (CMR კოდის) მიხედვით მონაცემების ძებნისას, ელექტრონული პორტალი 0 ჩანაწერს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად, ასეულობით კონტრაქტის შესახებ ცნობები თავად მოგვაწოდა. ამ მიზეზით თითოეული ხელშეკრულების შესახებ დამატებით ინფორმაციაზე კვლევის ფარგლებში ხელი არ მიგვიწვდებოდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო  არაერთხელ დაუკავშირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაგვისახელეს. პრობლემის შესახებ სააგენტოს ინფორმირებისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, ტექნიკური ხარვეზი კვლავაც არ გამოსწორებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში კვალავაც არაა ხელმისაწვდომი,”-აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები