საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუციის ის ტექსტი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევნაზეა ლაპარაკი, შეიცვალა.
ირაკლი ღარიბაშვილი რეზოლუციაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეფასებების შეტანას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა აქტიურობას უკავშირებს.
„მომხსენებლების მიერ მომზადებული დრაფტი შეიცვალა ჩემი ინფორმაციით. ალბათ იცით, რომ ჩვენი მმართველი ძალის საპარლამენტო დელეგაცია არის წარმოდგენილი ადგილზე და იქ ძალიან აქტიურობს ჩვენი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ერთგვარად სოლიდარობას გამოხატავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია გასცემს პასუხს ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს. რაც მთავარია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოში არსებული რეალობა. ქვეყანაში არის სხვა რეალობა. ხალხის ნება არის გამოხატული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს განიხილავენ.
პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის მიერ მთავრობის გადაწყვეტილებებში ჩარევა, აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ დაპირისპირება, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარე სამართლებრივი დევნა და თვითმმართველობის არჩევნები, - ეს არის ის საკითხები, რაც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა.
დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინასასამართლო დაკავების ხანგრძლივი პერიოდის გამო და მიმართავს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება, რათა პატიმრობა აღმკვეთის ღონისძიების სხვა ფორმით შეეცვალოს.