საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აზრით, რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ შეთანხმების შემდეგ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და რუსეთის ქმედებები უნდა დაიგმოს. კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. შეთანხმებით რუსეთი საქართველოს ანექსიას განაგრძობს, რაც მისთვის მიუღებელია.
"ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კამპანია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია ამ კონკრეტული, მართლაცდა, სამწუხარო ფაქტის თაობაზე. ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან უარყოფითი აქტი, ვინაიდან მთლიანად ალოგიკურია, ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, თუნდაც იმ ფონზე, რა ფონზეც ჩვენ გვაქვს დღეს რაღაც პოზიტივები ვაჭრობაში და ტურიზმის მიმართულებით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.