16 იანვარი 2026,   03:52
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული წარსულში ლომბარდების ძარცვისთვის იყო ნასამართლევი

კურიერისთვის თავისუფალი დემოკრატების ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული პირი 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილია. ის წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. მექვაბიშვილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც 2011 წელს დააკავეს. მას ბრალად ქურდობა ედებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თბილისში ლომბარდებსა და სავალუტო ჯიხურებს აყაჩაღებდა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის არქივში იძებნება მასალა, რომელიც 2011 წელს არის გადაღებული და სწორედ მაშინ მექვაბიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ლომბარდების დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შსს თანამზრახველს ეძებს.

გამოძიება ისევ 117-ე მუხლის 5-ე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები