„დღეს, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ქვეყანას არ მართავენ ინსტიტუციები და დღეს ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტა, ჭიანურდება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებების მიღება," - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოცემა Forbs.ge-თან ინტერვიუში გააკეთა.
მმართველი კოალიციიდან გასული „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ ინსტიტუციების დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, ჭიანურდება გადაწყვეტილებების მიღება და ის, რასაც სჭირდება 5 წუთი, ან თუნდაც ერთ დღე, წყდება ორ თვეში.
ირაკლი ალასანიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეტალურად არის ინფორმირებული კონკრეტული საქმეების ძიების მსვლელობაში.
„ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედულია ბიძინა ივანიშვილი თუნდაც იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ ლაპარაკობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს და არა ინსტიტუტები და კანონები,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.