ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დაულის განცხადებას ეხმაურებიან ექსპერტები. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, რუსეთისგან მართული ძალები შეეცდებიან მაქსიმალურად მოაწყონ პროვოკაციები წინასაარჩევნო პროცესში.
“თუ ეს საკითხი წინასაარჩევნოდ შემოვა მანიპულაციების თემად, მაშინ პრაქტიკულად ჩვენ დავდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი და მისგან მართული ძალები შეეცდებიან მაქსიმალურად მოაწყონ პროვოკაციები წინასაარჩევნო პროცესში იმისათვის, რომ დააზარალონ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას თქმით, ეს არის საგანგაშო სიგნალი, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.
“ევროპაში ევროპელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ გარკვეული კითხვები საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ცდილობენ შექმნან რაღაც ზემოქმედებს ბერკეტები საქართველოში ხელისუფლებაზე რათა პროცესები დემოკრატიული ჩარჩოდან არ გავიდეს. საგანგაშო სიგნალია ამას სჭირდება ყურადღების მიქცევა და რაც შეიძლება ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა“ - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხმაურიანი განცხადება ჟოზეფ დაულიმ შაბათის კურიერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი