ყალბი ბანკნოტების დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კვიჭიძე გ. და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. დაბა ჩოხატაურში, დააკავეს.
პოლიციამ ღამბაშიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 6 ცალი ყალბი 20 ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50 ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დამნაშავეებმა სულ 1040 ლარის ყალბი ფული დაამზადეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. გასაღების მიზნით, ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, საკოლმეურნეო ბაზარში 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.
პოლიციამ ყალბი ფულის დასამზადებელი ორივე აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.