რკინიგზელები გაფიცვას განაგრძობენ. უკვე მესამე დღეა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ნაწილი აქციებს მართავს. გაფიცვის პარალელურად, დღეს პროფკავშირებმა აქციის მონაწილეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება.
პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულ რკინიგზელებზე ზეწოლას მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ახდენენ. არსებული ინფორმაციით, ვაჩნაძე და გოგიჩაიშვილი აქციების გაგრძელების შემთხვევაში რკინიგზის მონაწილეებს ანგარიშსწორებით, ხოლო ირაკლი პეტრიაშვილს "ფეხებით ჩამოკიდებით" ემუქრებიან.
პროფკავშირების წევრის გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, წუხელ თბილისის სალოკომოტივო დეპოში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად მივიდნენ და შეეცადნენ, პროვოკაცია მოეწყოთ რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისთვის.
რკინიგზის სალოკომოტივო დეპოში დაპირისპირებაზე რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ.