ბათუმში, სანაპიროზე ძალადობის ფაქტი მოხდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა. დაზარალებულის განმარტებით, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მასზე მუდმივად ძალადობდა. თვითმხილველების თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ბათუმელი პოლიციელის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი და მამამისი სამინისტროს თანამშრომლები არიან. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„მამაკაცმა ჩვენს თვალწინ უმოწყალოდ ცემა მისი პარტნიორი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი. როგორც ქალი ამბობს, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მუდმივად ძალადობდა მასზე. ჩემმა მეგობარმა თარჯიმნის სერვისი შესთავაზა. მე და ერთი თბილისელი გოგო კი მოწმეებად უნდა დავიკითხოთ. მამაკაცი ბათუმელი პოლიციელის შვილია. იმედი მაქვს, დაიჭერენ,“ - წერს ფეისბუქში ფაქტის თვითმხილველი თამუნა გურჩიანი.
„დილით ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავინახეთ როგორ აყურყუმალავებდა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გოგოს. შემდეგ უკვე სანაპიროზე აგრძელებდა მის წიხლებით ცემას. ყველა ვცდილოდით გაშველებას. ვერ ვაშველებდით. გამოვიძახეთ პატრული, მოვიდა პატრული და ყველანი წავედით პოლიციის განყოფილებაში,“ - გაზეთ ყვება „ბათუმელებთან“ ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი თამთა ჩუმაშვილი.
თვითმხილველების თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ბათუმის მეექვსე განყოფილების უფროსის ავტომობილით გადაადგილდება.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პრესსამსახურის ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკითხვა მიმდინარეობს.
დანაშაული, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომლითაც დაწყებულია გამოძიება, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოებით ვადით 15 თვემდე.