წამების ფაქტზე მეგის ქარდავა ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელად 3 წელი და 9 თვე განუსაზღვრა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, მეგის ქარდავა დამნაშავედ სცნო.
"სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 ლარი," - აცხადებენ პროკურატურაში.
მათი ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეგის ქარდავამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის, აღიარებითი ჩვენებისა და თანამონაწილე პირთა დასახელების მიზნით, ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონი სასტიკად აწამა.