BBC WORLD-ის უკრაინის თემაზე მომზადებულ სპეციალურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში ტირანიდან ჩაერთო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მან რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბერკეტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სანქციებზე, რომელებმაც, საბოლოო ჯამში, რუსეთში დიდი ცვლილებების საფუძველი უნდა შექმნას. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტმა პარალელები გაავლო საქართველოსთან და განაცხადა, რომ პუტინს ორივე ქვეყანაში დამოუკიდებლობის და წარმატების ჩაკვლა სურდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიზანია უკრაინის რეგიონების იზოლაცია და ქვეყნის ეკონომიკის განადგურება.
„რუსეთს სურს მოკლას უკრაინული დემოკრატიის იდეა და ქვეყნის ნებისმიერი წარმატება. მას იგივე სურვილი ჰქონდა ქართული რეფორმებისა და დემოკრატიის მიმართაც. ერთი მხრივ, ვხედავთ უმოქმედობას ბევრისგან დასავლეთში, თუმცა მეორე მხრივ, ევროპას უამრავი ბერკეტი ჰქონდა. მაგალითად, ეკონომიკური. რუსეთს არ შეუძლია დასავლეთის დამარცხება, რადგან გაზს ევროპაში ყიდის და იყენებს მის საბანკო ტრანზაქციებს. სანქციები უკვე ამოქმედდა, თუმცა კიდევ ბევრი სახის სანქციის მიღება შეიძლება. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ დასავლეთმა შექმნას საფუძველი დიდი ცვლილებებისთვის რუსეთში“, - განაცხადა სააკაშვილმა BBC-ის ეთერში.
ალბანეთში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მიწვევით რამდენიმე დღეა იმყოფება. ის ოჯახთან ერთად მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში ისვენებს. ტირანაში ყოფნისას სააკაშვილი ალბანეთის ეკონომიკის მინისტრს და ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.