დღეს თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. ფესტივალი დღეს ირანელი კინორეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმ „პრეზიდენტით“ იხსნება. ფილმის ჩვენება 19 საათზე კინოთეატრ ”ამირანში” დაიწყება.
ფილმი საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმმა ჩიკაგოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - ოქროს ჰუგო აიღო და საუკეთესო ფილმად დასახელდა. "პრეზიდენტი" საქართველოშია გადაღებული და მასში 50-მდე ქართველი მსახიობი თამაშობს.
ფილმის ანოტაციაში ვკითხულობთ: „დიქტატორი პრეზიდენტი ქვეყანას რკინის ხელით მართავს და მოსახლეობის სიღატაკის ხარჯზე სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. სასტიკი რეჟიმის დამხობის შემდეგ პრეზიდენტი იძულებული ხდება პატარა შვილიშვილთან ერთად ქვეყნიდან გაიქცეს. ყოფილ ლიდერს ძებნილად აცხადებენ და მისი პოვნისთვის სოლიდურ ჯილდოს აწესებენ. ბაბუა და შვილიშვილი სახიფათო მოგზაურობას იწყებენ - თავს ქუჩის მუსიკოსებად ასაღებენ და იმ ადამიანთა გარემოცვაში ხვდებიან, რომლებიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის რეჟიმის გამო იტანჯებოდნენ. უდანაშაულო ბიჭუნა და დამხობილი პრეზიდენტი საკუთარ თავზე გამოცდიან იმ სირთულეებს, რამაც ხალხში რეჟიმის მიმართ ზიზღი გამოიწვია“.
ფესტივალის ვრცელი პროგრამისა და ფილმების ანოტაციების სანახავად გადადით ბმულზე.