სანდრო კვიტაშვილთან ერთად უკრაინის მთავრობის ვაკანტური თანამდებობები შესაძლებელია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კიდე რამდენიმე წარმომადგენელმა დაიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
ექსპრეზიდენტი ადასტურებს, რომ სხვა ექსპერტებთან ერთად უკრაინის მთავრობის მოწვევით კიევში საქართველოს რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირიც იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სანდრო კვიტაშვილის კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერიოზულად განიხილება. სააკაშვილმა დღეს დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების პრივილეგია უკრაინის მთავრობას აქვს.
„მე არ შემიძლია გითხრათ, რომ ის დაინიშნა, ან კიდევ ვინმე რომელიმე ყოფილი მინისტრი ახლა უკვე უკრაინაში იწყებს მუშაობას. ეს უკრაინის მთავრობის პრივილეგიაა,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილება - უკრაინის მთავრობაში დაიკავონ თანამდებობები საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ერთპიროვნულად უკრაინის მთავრობამ მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, სანდრო კვიტაშვილთან ერთად კიევში სამი ქართველი იმყოფება და აქტიურ კონსულტაციებს გადის. ექსპრეზიდენტმა დღეს მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ სამივე მათგანი მანდილოსანია.
„ჩვენ დავიბრუნებთ ყველას, მათ შორის, სანდროს, საქართველოს უკეთესი მომავალი მალე დადგება და ეს ყველა ჩვენი წარმატებული ადამიანი უკან, კვლავ საქართველოში დაბრუნდება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.