საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში მხოლოდ პოზიტივზეა საუბარი და მასში არაფერია შემაშფოთებელი.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს ასამბლეის რეზოლუციაში პარტიების აზრია გამოხატული, რაც იმას ნიშნავს, რომ „აჟიოტაჟის ატეხის მიზეზი“ არ არსებობს.
„მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა იმ საკითხებისადმი, რომლებიც დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუ თქვენ მიგაჩნიათ, ან „ნაციონალურ მოძრაობას“თუ მიაჩნია, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას თაობაზე, ასევე სააკაშვილის თაობაზე, საგანგაშოა, მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომ ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს და მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებდა წლების განმავლობაში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპის საბჭომ რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს დაამტკიცა. დოკუმენტის განხილვა სტრასბურგში საბჭოს სხდომათა დარბაზში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. გამომსვლელების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის დევნის გამო აკრიტიკებდა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში ასევე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.