„საქართველოს ბანკმა“ პრივატ ბანკი იყიდა, საქართველოში სიდიდით მე-9 ბანკის 100% აქციების ყიდვის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
უკრაინული „პრივატ ბანკის“ შესყიდვით „საქართველოს ბანკი“ უფრო მეტად გაძლიერდება და მეტად გაამყარებს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით.
ხსენებული შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%-ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%-ით გაიზრდება.
კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელიც, ვინაიდან „პრივატ ბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს.
შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე „პრივატ ბანკის“ მფლობელობაში არსებული ბანკომატების (429) და POS ტერმინალების (1,929) შემოერთებით.
დღესვე „საქართველოს ბანკმა“ მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზეც გაავრცელა ინფორმაცია. რომლის თანახმადაც ბანკის სტრუქტურა ეროვნული ბანკის ახალი მოთხოვნების შესაბამისობაში მოვა. კერძოდ, მოხდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად.
ასევე ცნობილი ხდება, რომ 2015 წლის ზაფხულიდან „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური აღარ იქნება, ის სამეთვალყურეო საბჭოში გადავა.