ჟურნალისტის კითხვაზე - ეკონომიკური ზრდის დროს რატომ მოხდა ლარის გაუფასურება საქართველოში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადური გააკრიტიკა.
„ამ თემაზე ჰკითხეთ ჩემზე უფრო კომპეტენტურ პირებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ნოდარ ხადურს, რომელსაც არ სურდა ლარის გაუფასურებაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მოუწევს,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ უფრო ყურადღებით და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავსი საკითხების გაშუქებას.
„ჩვენ ვნახეთ, სპეციალური გადაცემები მიეძღვნა იმას, რომ დაეძაბათ მოსახლეობა. ეს არის ამის შედეგი. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა - მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს და მედიასაშუალებებსაც. მოგმართავთ მედიასაშუალებებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმიანობას, ეს არ არის ჭკუის დარიგება, ეს არის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი მოწოდება,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.