ხმაური ამ წუთებში ქუთაისში, სადაც კახნიაურის უბანში ინციდენტი მოხდა. მირზა ბუჩუაძეს საკუთარ ავტომობილში ესროლეს. დაჭრილი მოქალაქე მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება გამოიძახეს.
დაშავებულის მეგობრის ინფორმაციით, მირზა ბუჩუაძეს სამართალდამცავებმა ესროლეს. მისივე ინფორმაცით, ბუჩუაძეს დილით სწორედ პატრულის თანამშრომლები ეძებდნენ.
თვითმხილველები კი ყვებიან, რომ მათ გასროლის ხმა გაიგეს, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს.
ბუჩუაძე ამ დროისთვის ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილზე იმყოფებიან დაჭრილის ოჯახის წევრები და ნათესავები. რომლებმაც რეანიმაციულ განყოფილებაში შეღწევა რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სცადეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, საქმე აღძრულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.