ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს მოახდენს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სესიის დღის წესრიგში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა.
სესია 15-21 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. საქართველოს შესახებ დებატები 18 დეკემბერს, სტრასბურგის დროით, დილის 11 საათზეა დანიშნული. ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის გარდა, ასევე დაგეგმილია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა.