2015 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობა მაღალი თანამდებობის პირთა სახელფასო დანამატებით დაინტერესდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზი ჰკითხა.
მისი თქმით, თუ ისე კარგად არის ყველაფერი, როგორც ეს მოხსენებაში წარმოადგინა, რატომ გახდა საჭირო საკადრო ცვლილება საგადასახადო სამსახურში.
„ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიუროკრატია საკუთარი გარემოცვის დასასაქმებლად. ჯამში მოსახლეობას ამ ბიუროკრატიის შენახვა უჯდება 15 მილიონი ლარი და ჩემი კითხვა არის ასეთი: თქვენ გვიყვებით წარმატებებზე, რომელსაც მიაღწია თქვენმა სამინისტრომ. თუ ასე კარგად გაქვთ საქმე, საგადასახადოს სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლა რატომ დაგჭირდათ? თუ თქვენც ჭიკაიძესავით გაიღვიძეთ და ახალი თანამშრომელი დაგხვდათ სამსახურში?” - მიმართა ირმა ნადირაშვილმა მინისტრს.
ნოდარ ხადურმა პრემიების თემას კონკრეტული რიცხვით უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარე წელს პრემიების დაფინანსება ბიუჯეტში 24 მილიონით არის შემცირებული და ეს თემა სპეკულაციების საფუძველი აღარ უნდა გახდეს.