უმრავლესობა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ემხრობა და აცხადებს, რომ ამ ორი ფუნქციის გაერთიანება ერთ ორგანიზმში არის მეტი საფრთხის შემცველი, ვიდრე მათი გაყოფა.
უმრავლესობის წევრის გიგლა აგულაშვილის თქმით, ძალიან ბევრია დამოკიდებული განხილვის პროცესზე. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ჯამში ინიციატივას უმრავლესობიდანაც და უმცირესობიდანაც მხარდაჭერა ექნება.
უმცირესობაში კი სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის ფორმებზე გარკვეული შენიშვნები აქვთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გაყოფა არ უნდა მოხდეს ფორმალურად და არ უნდა მოხდეს სახელისუფლებო ინტერესების დაბალანსების კუთხით. მისი თქმით, ჯერჯერობით ამ პროცესს სწორედ ასეთი სახე აქვს და ადგილი აქვს საკადრო გადაადგილებებს.
„რეფორმის საფუძვლად აღებული უნდა იქნეს ის წარმატებული პრაქტიკა, რომდესაც სპეცსამსახურები მკაცრი სამოქალაქო კონტროლის ქვეშ იმყოფებიან,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.