აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრები აჭარის მთავრობას, რომელსაც 2012 წლის ოქტომბრიდან არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს, უნდობლობას უცხადებენ. მათ ძირითადი პრეტენზიები ბიუჯეტთან და მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით აქვთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მოსაზრებებს არ იზიარებს უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის მეორე ნაწილი და არც უნდობლის გამოცხადებას უჭერს მხარს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ფრაქციაა: „ქართული ოცნება“ (7 წევრი), „ქართული ოცნება - აჭარა“ (3 წევრი), „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“ (3 წევრი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (5 წევრი), „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ (3 წევრი).
ადგილობრივი მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან 14-ის თანხმობაა საჭირო. უკვე ცნობილია, რომ საკითხის განხილვის შემთხვევაში, უმრავლესობის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც დაუჭერენ მხარს.
„ჯერჯერობით არ არის იმის საფუძველი, რომ დავიწყოთ იმპიჩმენტი. რაც შეეხება არგუმენტებს დიდი სიამოვნებით მოვისმენ. თავიანთი პოზიციები უნდა დაადასტურონ, რატომ არიან უკმაყოფილო. ამის შემდეგ შეგვიძლია დასკვნების დადება“, - ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ მდივანი თემურ კახიძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 9 სექტემბრიდან სპეციალური შეხვედრების გამართვას გეგმავენ. მათ სურთ საზოგადოებას დაუსაბუთონ, თუ რა არ მოსწონთ მთავრობის საქმიანობაში.
დაპირისპირება აჭარის ორ სახელისუფლებო შტოს შორის სავარაუდოდ განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება.