2015 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება ეტაპობრივად 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული მასწავლებლის კომპეტენციაზე. კომპეტენცია კი რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდება.
ამ ინიციატივის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ კონფერენციაზე გახდა, სადაც პედაგოგთა გადამზადების ახალ სტრატეგიაზე იმსჯელეს. კონფერენციას განათლების მინისტრი და პედაგოგები ესწრებოდნენ. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა და ხელფასების გაზრდის საკითხი სწორედ მან გააჟღერა.
ღარიბაშვილის განცხადებით, 2015 წლიდან გადაიხედება სახელფასო პოლიტიკა და მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხების ჩადება.
„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა ახალ პერსპექტივას შექმნის ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში. მასწავლებლის პროფესია უნდა ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად. ჩვენ ვართ მზად ამ ინიციატივის ფინანსური ხელშეწყობისთვის. თქვენ იცით, რომ ბოლო წლებში ... თქვენ სამადლობელი არაფერი არ გაქვთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ სათანადოდ დაგაფასოთ. მე ვიცი, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რომ მოხდეს თქვენი ღირსეულად დაფასება, მაგრამ მე გპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თანმიმდევრულად, რომ თქვენი საქმიანობა, თქვენი პროფესია დაფასდეს მაქსიმალურად,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ნოემბრისთვის ჩვენ უფრო კონკრეტულად გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015, 2016 და 2017 წლებში“.
უფრო კონკრეტული ინფორმაცია კი, მისივე თქმით, ნოემბერში გახდება ცნობილი.
„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა ახალი სქემის მიხედვით, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ უფრო კონკრეტულად ნოემბერში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე და ეს თითოეულ მასწავლებელს გაუზრდის მოტივაციას“, - ამბობს ღარიბაშვილი.
რაც შეეხება ახალ სქემას, როგორც განათლების მინისტრმა „რუსთავი2“-თან საუბრისას დააზუსტა, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ამასთან, სერთიფიცირებასთან ერთად მოხდება ახალი კრიტერიუმების ჩამოყალიბება. მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დააკვირდებიან სპეციალისტები და სწორედ ამ სპეციალისტების შეფასებაზე იქნება დამოკიდებული მასწავლებელთა ხელფასების რაოდენობის განსაზღვრა.
„ახალი მიდგომა არის მთელი სისტემა, რომლის ფარგლებშიც უნდა დარეგულირდეს როგორც უმაღლესი განათლების კომპონენტი, ანუ როგორი განათლების პედაგოგი გვჭირდება ჩვენ სისტემაში, ასევე შემდეგ უკვე კარიერაში შესვლის შემდეგ მათი განვითარების ეტაპები, - რა დონეზე რა კომპეტენცია უნდა იყოს მიღწეული. შესაბამისად შემდეგ უკვე შემოვა შეფასების კომპონენტი, რომელიც იქნება ნაწილობრივ ტესტური, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კლასში დაკვირვებაზე და იმ შეძენელი კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენებაზე. შესაბამისად, შეიქმნება მთელი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ასევე ეტაპობრივად დაიწყება სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება,“ - ამბობს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.