სოფელ კაზლარში ცემით გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრები მის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირის დაპატიმრებას ითხოვენ. მათი ცნობით, 22 წლის ახალგაზრდას არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების გამო გოგონას ოჯახის წევრებმა სცემეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს 5 საათის განმავლობაში სცემდნენ, რის შედეგადაც 22 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სოფელ კაზლარის მოსახლეობა აცხადებს, რომ არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავე ოჯახის უფროსი უკვე დააკავეს. 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისივე სოფელში აიყვანეს.
გამოძიების ცნობით, ნოვრუზ ქ-მ ღამით თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ-ს, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის მოტაცება სცადა.
დაკავებული ჩადენილ დანაშულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კკოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.