"მაესტროს" დირექტორის ახლა უკვე ყოფილი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი „კურიერთან” ”მაესტროში” არსებულ ვითარებას იხსენებს. ნინო ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ არხის ფაქტობრივმა მფლობელმა თანამდებობა მას გუშინ არაკორექტული სატელეფონო საუბრის შემდეგ დაატოვებინა. ჟიჟილაშვილი სატელეფონო საუბრის შინაარს ყვება.
„მე მაესტროდან ისედაც მივდიოდი და ეს გადაწყვეტილება იცოდნენ. თუმცა გუშინ დამირეკა გოგელიამ და მითხრა, რომ ყველანაირი წითელი ხაზი გადავკვეთე. მითხრა, რომ არხიდან გათავისუფლებული ვიყავი, ამას მე კორექტულობის ფარგლებში ვყვები. მან ასევე მითხრა, რომ არხზე ვქმნიდი არასწორ გარემოს და ვეწინააღმდეგებოდი საკადრო პოლიტიკას, ეს ხომ არასერიოზულია,” - აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი.
ჟურნალისტი „კურიერთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მომავალი წლის საეთერო ბადიდან ისე ამოიღეს საინფორმაციო გამოშვება 9 საათზე და ისე შეცვალეს დროები, რომ მისთვის არც უკითხავთ.
„მე ვიყავი ხელმძღვანელი საინფორმაციოს კუთხით არხზე, მე უნდა მეზრუნა ახალი ამბების განვითარებაზე და გუნდის უკეთესად მუშაობაზე. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ გამიუქმეს მთავარი საინფორმაციო გამოშვება და არც კი მითხრეს დროების ცვლილების შესახებ,” - აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი.
ტელეკომპანია "მესტროს" უკვე ყოფილი სახე დღეს ამბობს, რომ მას რამდენიმე კვირის წინ არხზე გადაცემის წაყვანაც შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.
ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, გუშინდელ თათბირზე დაზუსტებით ითქვა, რომ "მაესტროზე" გადაცემას მოამზადებდა კოკა ყანდიაშვილი. ჟიჟილაშვილის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილი ასევე ჩაერთვებოდა არხის მართვის პროცესში, რაც მისთვის მიუღებელი იყო.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ გადაცემას, რომელსაც კოკა ყანდიაშვილი წაიყვანს, „ლაპარაკობს თბილისი” ერქმევა და ის ყოველ სამუშაო დღეს გავა "მაესტროს" საღამოს ეთერში 20-დან 22 საათამდე.
„გოგელიამ ასევე მითხრა, რომ არხის პოლიტიკა პროქართული უნდა ყოფილიყო. მე ეს ყველაფერი ვერ გავიგე, ჩვენ ისედაც ქვეყანას ვემსახურებოდით და რა იცვლებოდა, მე ვერ მივხვდი,” - აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი.