14 იანვარი 2026,   15:53
ვრცლად
მთავრობა ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას გეგმავს

მთავრობა  ვაშლის მოსავლის  სუბსიდირებას  გეგმავს. თუმცა, კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს ველისციხეში ისაუბრა, სადაც შპს   „კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახალი ღვინის ქარხნის გახსნის ცერემონიალს  დაესწრო.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  ეს პროექტი მთავრობის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში განხორციელდა.  

როგორც „რუსთავი2“-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  განუმარტეს, ამ კომპანიას 2 შეღავათიანი კრედიტი აქვს აღებული. ერთი კრედიტი, რომლის მოცულობაა 600 ათასი აშშ დოლარი, ქარხნის ასაშენებლად  აქვს აღებული.

ცნობისთვის, აგროკრედიტი 7 კომპონენტში გაიცემა და  საწარმოს მშენებლობის კომპონენტისთვის განკუთვნილი კრედიტის მაქსიმალური ოდენობაა 600 ათასი აშშ დოლარი. ეს კრედიტი გაიცემა მაქსიმალური 84 თვით. კრედიტის მომსახურების პროცენტი არის 12%, საიდანაც  9%-ს ფარავს სახელმწიფო.    

მეორე კრედიტი კი, რომელიც 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,  ამ კომპანიას  უკვე ყურძნის შესაძენად აქვს აღებული.

ყურძნის შესაძენ კომპონენტში გასაცემი კრედიტის ზედა ზღვარია 10 მილიონი აშშ დოლარი. კრედიტი გაიცემა მაქსიმალური 15 თვით და მომსახურეობის პროცენტი არის 15%, საიდანაც 9%-ს ფარავს სახელმწიფო.   

საერთო ჯამში შეღავათიანი აგროკრედიტისთვის გამოყოფილია 400 მილიონი აშშ დოლარი და ეს კრედიტი 20 ათასზე მეტ კომპანიას აქვს აღებული.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა,  ვინაიდან  დღეს ამ შესანიშნავ ადგილას ვხსნით კიდევ ერთ ძალიან კარგ ქარხანას.  ეს მე ძალიან მახარებს, ვინაიდან ეს არის ჩვენი მასპინძელი კომპანიის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი,“ - განაცხადა ღრიბაშვილმა  ქარხნის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ეს კომპანია „წელს დამატებით კიდევ 4 საწარმოს გახსნას აპირებს“.

მისი თქმით, ამ ქარხანაში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„მე მინდა, ზოგადად აღვნიშნო, რომ  შპს „ტრადიციულუ კახური მეღვინეობის“ კომპანია არის მართლაც სამგალითო და ძალიან დიდი სტიმულის მიმცემი სხვა კომპანიებისთვის...  მე ამას მივესალმები და მე მინდა, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო  როგორც ამ კომპანიას, ზოგადად კერძო სექტორს,“ - განაცხადა ღრიბაშვილმა და ისაუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს მოქმედი  ხელისუფლება  ბიზნესის ხელისშეწყობისთვის.

მან ახსენა  ციტრუსების მოსავლისთვის მთავრობის მიერ  განხორციელებული სუბსიდირება და თქვა, რომ იგივე განხორციელდება ვაშლის მოსავალთან დაკავშირებით. მაგრამ მას ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ უსაუბრია. 

დღის ამბები