მარტში კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდება.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს ველისციხეში გააკეთა, სადაც შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახალი ღვინის ქარხნის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა მთავრობამ აგრობიზნესის განვითარებისთვის და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა კიდევ ბევრი რამის გაკეთებას გეგმავს. მათ შორის დაასახელა კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება.
„მარტში უკვე სატესტო რეჟიმში გავუშვებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას, რომელიც, წინასწარი გათვლებით, საკმაოდ ეფექტიანი იქნება. ასევე დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე და ჩვენ დავიწყეთ წელს აგროდაზღვევა, ეს არის საპილოტე პროგრამა იმისთვის, რომ გლეხს, ფერმერს, მეწარმეს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთმ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სადაც შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახალი ღვინის ქარხანა მთავრობის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში განხორციელდა.
როგორც „რუსთავი2“-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, ამ კომპანიას 2 შეღავათიანი კრედიტი აქვს აღებული. ერთი კრედიტი, რომლის მოცულობაა 600 ათასი აშშ დოლარი, ქარხნის ასაშენებლად აქვს აღებული.
ცნობისთვის, აგროკრედიტი 7 კომპონენტში გაიცემა და საწარმოს მშენებლობის კომპონენტისთვის განკუთვნილი კრედიტის მაქსიმალური ოდენობაა 600 ათასი აშშ დოლარი. ეს კრედიტი გაიცემა მაქსიმალური 84 თვით. კრედიტის მომსახურების პროცენტი არის 12%, საიდანაც 9%-ს ფარავს სახელმწიფო.
მეორე კრედიტი კი, რომელიც 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ამ კომპანიას უკვე ყურძნის შესაძენად აქვს აღებული.
ყურძნის შესაძენ კომპონენტში გასაცემი კრედიტის ზედა ზღვარია 10 მილიონი აშშ დოლარი. კრედიტი გაიცემა მაქსიმალური 15 თვით და მომსახურეობის პროცენტი არის 15%, საიდანაც 9%-ს ფარავს სახელმწიფო.
საერთო ჯამში შეღავათიანი აგროკრედიტისთვის გამოყოფილია 400 მილიონი აშშ დოლარი და ეს კრედიტი 20 ათასზე მეტ კომპანიას აქვს აღებული.