12 იანვარი 2026,   09:46
ვრცლად
2013 წელს შსს-ს თანამდებობის პირებმა 10 თვეში პრემიის სახით 7 მილიონამდე აიღეს
2013 წელს იანვარი-ოქტომბერში შსს-ს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 880 736 ლარი გაიცა ოქტომბერში. მინისტრის მოადგილეებზე 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომლის თანახმად,  პრემიის სახით 10 თვეში ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო - 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი,
ლევან იზორიამ - 92 750 ლარი. ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში - 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა - 69 750 ლარი, გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. 
 
ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია:
ალექსანდრე ტაბატაძე (ივლისი) - 22 000 ლარი, ალექსი ბატიაშვილი (მაისი) - 15 750 ლარი, ლევან იზორია - 13 250 ლარი. 
 
როგორც IDFI-ში განმარტავენ, ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდათ, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე. 
 
თუმცა, ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად ინფორმაცია სრულყოფილი არ არის. 
 
"აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ,” - ნათქვამია ინფორმაციაში. 
დღის ამბები