საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზრით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერშესრულებისთვის მინისტრები არ უნდა დაისაჯონ. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ სამინისტროების ნაწილმა ბიუჯეტი გადაჭარბებით დაგეგმა.
„ზოგიერთმა სამინისტრომ გადაჭარბებით მოითხოვა ბიუჯეტი, ზოგი ტენდერი გადაიდო, ზოგი ჩავარდა, ზოგი გაჭიანურდა. მგონი, ამის გამო არ უნდა დავსაჯოთ მინისტრები. ზოგმა საერთოდ ეკონომია გააკეთა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება კოალიციის მმართველობის პერიოდში აღარ ხდება და პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ტენდერებში ჩვენი მეგობრები არ იმარჯვებენ. მაშინ ხან მერაბიშვილის ნაცნობები იმარჯვებდნენ, ხან სხვა მაღალჩინოსნები. თუ რამე პრობლემა არის დღეს ტენდერებში, ამაზე რეაგირება არ მოგვერიდება. ვაპირებთ, კიდევ დავხვეწოთ ეს პროცედურები,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.