საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ 10 სექტემბერს კვლავ გაურკვეველია თუ ვინ გაემგზავრება გაეროს სამიტზე, საქართველოს პრეზიდენტი, თუ პრემიერმინისტრი.
ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეცდებიან დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა ერთი ერთზე და პრეზიდენტი უაღრესად კმაყოფილია ამ შეხვედრით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეცდება, რომ გაეროში საქართველო წარმოდგენილი იქნას ღირსეულად.
„იქნება 2,3 თუ 4 დელეგაცია ამას გეტყვით. პრეზიდენტის ვიზიტზე მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა ფხალაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხული იქნება. ასეთივე მოსაზრებები გამოთქვეს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა. „რუსთავი 2“-თან საუბრისას ორი დელეგაციის შესაძლო ვიზიტს უხერხული უწოდეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. კალაძემ განაცხადა, რომ გაეროს სამიტზე ქართულ დელეგაციას უნდა უხელმძღვანელოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან უკვე შეთანხმებული იყო, რომ NATO-ს სამიტზე უელსში ქართულ დელეგაციას წარადგენდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გაეროს სამიტზე კი - ირაკლი ღარიბაშვილი.
გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბერსაა დაგეგმილი. ამასთან ასამბლეის ფარგლებში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა რომ გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს და სიტყვით პრემიერი წარსდგება. თუმცა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხრიდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში უხერხულობას ვერ ხედავს.
10 სექტემბრის შეხვედრამდე პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა დიპლომატიური უწყება. 9 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩია - სახელმწიფოს და არა კონკრეტული სახელისუფლებო შტოს ინტერესებში იმოქმედოს.
„სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე. თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს, ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე.
ჩემი ვალდებულება გამომდინარე იქედან, რომ მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და ამავე დროს კონსტიტუციის გარანტი, არის შევახსენო ყველას თავისი კონსტიტუციური სტატუსი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.