02 იანვარი 2026,   17:37
ვრცლად
ლაგოდეხში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა

ლაგოდეხში გვიან ღამით პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. როგორც რესტორნის მეპატრონე აცხადებს, მამაკაცი ნათლობას აღნიშნავდა და შენობიდან გასვლის შემდეგ კი პოლიციელთან უთანხმოება მოუვიდა.

კონფლიქტში მამაკაცმა, რომელიც მოგვიანებით დაჭრეს, თბილისიდან ჩამოყვანილი მეგობრებიც ჩართო, სწორედ ამის შემდეგ გაუხსნა მას ცეცხლი პოლიციელმა და მუცლის არეში დაჭრა.

დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველი, რომელმაც მოქალაქე დაჭრა, რიგითი პოლიციელი იყო და ის უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით დაიწყო და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ლაშა წიქარიშვილი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ლაშა წიქარიშვილს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა თუმცა მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

დღის ამბები