14 იანვარი 2026,   20:09
ვრცლად
არასამთავრობოები კოტე კუბლაშვილის შემცვლელის შერჩევის კრიტერიუმებს ასახელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად პარტიული მოღვაწეობისგან დამოუკიდებლობას ასახელებენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რა კრიტერიუმებით წარადგენს პრეზიდენტი ამა თუ იმ კანდიდატურას პარლამენტში. საიას წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასევე ცნობილი უნდა იყოს ის პრინციპები, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო კანდიდატის მხარდაჭერის, ან უარყოფის შემთხვევაში იმოქმედებს.

„ადვოკატ-იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ივარაუდება უმრავლესობის წევრების, ზაქარია ქუცნაშვილისა და ეკა ბესელიას კანდიდატურები. მისი თქმით, ყოფილი ადვოკატის კანდიდატურა ამ პოსტზე „იდეალური ვარიანტი” იქნება.

თავად ეკა ბესელია კი მისი კანდიდატურის განხილვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უარყოფს და აცხადებს, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობს საქმიანობას. ბესელიას თქმით, კონსულტაციები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დროულად უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანო „არასასიამოვნო სიურპრიზის წინაშე არ აღმოჩნდეს.”

დღის ამბები