სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით არის დაჭრილი და მას შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა თანასოფლელებს შორის რამდენიმე დღის წინ მოხდა.
დაჭრილი წნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით, დაზარალებული თბილისში, ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება საძოვრების თემაზე დაიწყო.
დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე დღეში 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი. ბ. ახმეტაში დააკავეს. მან ს.მ. სანადირო გლუვლულიანი თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ია გულიაშვილი