სპორტის მინისტრმა მასთან დაპირისპირებული მოადგილე თანამდებობიდან გაუშვა.
თანამდებობიდან გაშვებული თამაზ თევზაძე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მასსა და მინისტრს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ყიფიანმა არჩეულ კურს გადაუხვია.
"რეორგანიზაცია იყო ხელოვნური. ამ წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რაც გამოიწვია იმ გზიდან გადახვევამ, რომლითაც ჩვენ მოვედით," - აცხადებს თამაზ თევზაძე.
თავად მინისტრი თანამშრომლებთან და მათ შორის გათავისუფლებულ მოადგილესთან დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ერთი მოადგილის შემცირებით მან სამიანისტროს მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახადა.
სამინისტროში მიმდინარე პროცესებს სპორტის მინისტრი რეორგანიზაციას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებში შედის სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება.
ცალკე სამმართველოებად ჩამოყალიბდა კვლევის და ანალიზის სამმართველო. უცვლელი დარჩა სამინისტროში არსებული 91-კაციანი საშტატო ნუსხა.