"მე ვთქვი, რომ თუკი სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს, მაშინ არსებობს შეწყალების ინსტიტუტი-მეთქი," - ამ ფრაზით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა "კურიერთან"პრეზიდენტის იმ განცხადების უპასუხა, სადაც მარგველაშვილმა ის არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
საქმე ეხება ბეჭდურ პრესაში დაბეჭდილ ძიძიგურის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ "სააკაშვილს თუ დავიჭერთ, მარგველაშვილს მისი შეწყალება შეუძლიაო".
ძიძიგურის ამ ნათქვამს პრეზიდენტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის კითხვას პასუხობდა. თუმცა მისი გვარი არ უხსენებია.
"სხვათა შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსის მართლაც უცნაური მოსაზრება მოვისმინე, რომ ისინი გააკეთებენ თავის გასაკეთებელს და ამ საქმეებს მე გადმომაბარებენ, რათა მე ისინი შევიწყალო. ვფიქრობ, ეს მართლმსაჯულების საკითხებთან მიმართებით ძალიან გამოუცდელი და არაპროფესიონალური მიდგომაა," - განაცხადა მარგველაშვილმა.
"კურიერთან" კი ძიძიგურმა თქვა, რომ მას სხვა რაღაცის თქმა სურდა და თუკი მისმა ნათქვამმა გაუგებრობა გამოიწვია, შეუძლია გაიმეოროს.
"მე ვთქვი, რომ ყველა ვარიანტში უნდა იქნეს ეს საკითხი გამოძიებული და თუკი საასამართლოს მხრიდან იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და მისი პატიმრობა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს, არსებობს შეწყალების ინსტიტუტი-მეთქი," - განაცხადა ძიძიგურმა.