პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს რეზოლუციას დადებითად აფასებს. ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ რეზოლუცია გასულ წლებთან შედარებით პოზიტიურია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მასში არის რამდენიმე დამატებითი საკითხი.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს მიაჩნია, რომ ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებით უადგილო და ცალმხრივი ინფორმაციაა. ეკა ბესელიას აზრით, რეზოლუციის ამ სახით მიღება "ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპის სახალხო პარტიის დახმარებით შეძლო.
"ვფიქრობ, ევროპის სახალხო პარტიასთან სამუშაო ბევრი გვაქვს. მათ უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია," - აცხადებს ბესელია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ გუნდმა ევროპარლამენტში მთლიანობაში კარგად იმუშავა.
ბესელია სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია არ იყო სრული და შემადგენლობას თინა ხიდაშელი აკლდა.