შსს, რომლის დაფინანსება 2015 წელსაც, წლევანდელის მსგავსად, 600 მილიონი ლარი იქნება, მომავალი წლისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს.
ამის შესახებ პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვებისას შსს-ს წარმომადგენელი ჟურნალისტებს ესაუბრა.
შს მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის თქმით, მის უწყებას დაახლოებით 40 მილიონის დამატება სჭირდება.
„დაფინანსების გაზრდას სამინისტროს ბევრი დანაყოფი საჭიროებს. საჭიროება დიდია - იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, აღჭურვილობა, საშტატო რიცხოვნობა და ასე შემდეგ," - აცხადებს დავით ხუციშვილი და დასძენს, რომ, შსს-ს თანამშრომელთა სიმრავლიდან გამომდინარე, მომავალი წლისთვის ხელფასების ზრდა არ იგეგმება.