საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-ლიტვის ერთობლივ ბიზნესფორუმზე მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიამდე ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს-ფორუმზე ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს-გარემოზე, ქვეყნის მტკიცე რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობებსა და სატრანზიტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა ლიტვის პრემიერ-მინისტრმაც. ალგირდას ბუტკევიჩიუსის განცხადებით, საქართველოს და ლიტვას საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ და ლიტველი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით.
„მე ჩამოვედი საქართველოში, რომ სტიმული მიმეცა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბიზნესფორუმი პროდუქტიული იქნება,“ - აღნიშნა ლიტვის პრემიერმა.