ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე დღეს პირველი სატესტო მატარებელი გაივლის. მატარებლის სატესტო გაშვების ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკის და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრები დაესწრებიან.
ამ პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, ევროპასა და აზიას შორის ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2015 წლის ბოლოს იგეგმება.