14 იანვარი 2026,   14:06
ვრცლად
თავის შერცხვენის გარეშე შეიძლებოდა პრემიერი და პრეზიდენტიც წასულიყვნენ - სერგი კაპანაძე

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაეროში ქართული დელეგაციების ვიზიტს გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, გაეროში არ იყო აუცილებელი ორი დელეგაციის წასვლა და შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი დელეგაციით გამგზავრება, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტიც იქნებოდა, პრემიერ-მინისტრიც და საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„ხმაურის ატეხვის და თავის შერცხვენის გარეშე შეიძლებოდა ამის გაკეთება“, - წერს კაპანაძე, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ გაეროში უამრავი მაღალი დონის შეხვედრა არის შესაძლებელი. 

„სახელმწიფოს მეთაურის წასვლა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი აუცილებელია, რათა მან თავისი პოსტი გამოიყენოს მაღალი დონის შეხვედრებისთვის. სექტემბრის ბოლოს გაეროში 193 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ჩადის. მათთან მაქსიმალური რაოდენობის შეხვედრების ჩასატარებლად, რაც მეტი მაღალი დელეგატი ჩავიდოდა საქართველოდან, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტიც და პრემიერიც რომ წასულიყვნენ, შეხვედრების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე ახლა იქნება, მხოლოდ პრემიერის ვიზიტისას“, - ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით გაეროს ტრიბუნა სახელმწიფოს მეთაურს ეკუთვნის. გაეროს გენერალური მდივნისგანაც მოწვევა, როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურზე მოდის და  ამაში არაფერი ტრაგიკული არაა პრემიერ მინისტრისთვის.

„არ მესმის, რატომ არ შეიძლებოდა როლების განაწილება ისე, რომ გენერალურ ასამბლეაზე გამოსულიყო პრეზიდენტი, კლიმატის კონფერენციას დასწრებოდა პრემიერი, ხოლო სხვა ღონისძიებები გაენაწილებინათ ერთმანეთს შორის და ასევე გაენაწილებინათ ორმხრივი შეხვედრები. ასე უფრო მეტად გამოვჩნდებოდით და მეტ პარტნიორსაც შევხვდებოდით. ერთადერთი ახსნა, თუ რატომ არ ხდება ეს არის პირადი მოტივი, რომ არ გამოჩნდეს პეტრე და გამოჩნდეს პავლე. ეს ქვეყანას და მის ინსტიტუტებს ღუპავს“, - წერს კაპანაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები